საინტერესო ისტორია და მარტივი რეცეპტი
ნუგა, ბევრისთვის საყვარელი ეს ტკბილეული თაფლის, კვერცხისა და თხილეულისგან მზადდება. კლასიკურ რეცეპტში გამოიყენება ნუში და ფისტაში, თუმცა ასევე შეიძლება ნიგვზისა და თხილის გამოყენებაც. საინტერესოა. რომ ნამდვილ ნუგაში არასოდეს იხმარება მიწისთხილი!
ნუგა
ძირითადად ცალკე დესერტდ გამოიყენება, თუმცა ხშირად სხვა დესერტის
შიგთავსადაც იყენებენ. თხილის გარდა გვხვდება ცუკატებითა და არომატებით
გამდიდრებული ნუგა.
ამ უგემრიელესი ტკბილეულის ზუსტი წარმოშობის ისტორია უცნობია. ძირითადად
ითვლება, რომ იგი სამხრეთ ევროპიდან მომდინარეობს. აქ იგი ჯერ კიდევ XV
ს-ში გაჩნდა და დღემდე საპატიო ადგილს იკავებს საზეიმო, განსაკუთრებით
საშობაო სუფრაზე.
არსებობს
იტალიური ლეგენდა, რომლის მიხედვით 1441 წლის 25 დეკემბერს, ფრანჩესკო
სფორცასა და მარია ვისკონტის ქორწილის დღეს სასახლის კარის კონდიტერმა
გამოაცხო ტორტი, რომელსაც ამშვენებდა ტორონეს კოშკის ქანდაკება. ეს კოშკი
განასახიერებდა დედოფლის მზითევს - ქალაქ კრემონას. იმისათვის, რომ კოშკი
ტორტზე მყარად დამდგარიყო, კონდიტერმა გამოიგონა წებვადი მასა, რომელსაც
მოგვიანებით "ტორონე" ეწოდა. იტალიაში დღესაც ამ სახელწოდებით იცნობენ
ნუგას.
მართალია,
ფრანგები იტალიელებს ნუგას დამზადებაში პირველობას ედავებიან, მაგრამ
იტალიელებისგან განსხვავებით, ამ დესერტის წარმოშობის ფრანგული ვერსია არ
არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ნუგას ძალიან წააგავს ირანული ტკბილეული სახელწოდებით გაზი.
სახლის პირობებში ნუგა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და არც თუ ისე დიდი რაოდენობით ინგრედიეტები სჭირდება:
400 გ. შაქარი
0.5 ჩ.ჭ. წყალი
130 გ. თაფლი
2 კვერცხის ცილა
300 გ. გაფცქვნილი ნუში, ფუნდუკი ან ნიგოზი
შაქარი და წყალი მიგვყავს ადუღებამდე, ვამატებთ თაფლს და ვადუღებთ
მინიმუმ 10 წუთი. იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ სიროფი მზადაა, ერთ
წვეთს გადმოვიღებთ თეფშზე. თუ წვეთი შეიკრა, ადვილად დამრგვალდა და
ამასთანავე სირბილეც შეინარჩუნა, ცეცხლიდან გადმოვდგამთ. სანამ სიროფი
მზადდება, გათეთრებამდე ავთქვიფავთ კვერცხის ცილებს და მდუღარე სიროფს
წვრილ ნაკადად შევათქვიფავთ. ამის შემდეგ შევურევთ ნუშს. მიღებულ მასას
გადმოვიღებთ ფორმაში, რომელზეც პერგამენტია დაფენილი, თავზეც პერგამენტს
დავაფენთ და დავაყოვნებთ სრულ გაციებამდე.
გაციებულ მასას სველი დანით დავჭრით და შაქრის პუდრას მოვაყრით. თუ სურვილი გვაქვს, შეგვიძლია გამდნარი შოკოლადიც მოვასხათ.
ევროპაში ძალიან პოპულარულია ასევე ნუგას ტორტები.
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=7948515095195171949#allposts
Комментариев нет:
Отправить комментарий